20.08.2026
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
image
image
image
image
image

20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა

„თეგეტა გრინ პლანეტი“ გარემოსდაცვით საქმიანობას აგრძელებს. ამჯერად, კომპანიის გუნდმა ტაბახმელას ტერიტორიიდან დიდი რაოდენობით მიტოვებული საბურავების ნარჩენი გაიტანა.

მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციის ფარგლებში, ტერიტორიიდან 20 ტონამდე  მეორადი საბურავი შეგროვდა. პრობლემური ტერიტორია თეგეტა გრინ პლანეტის გუნდმა თავად გამოავლინა, რის შემდეგაც ინიციატივა შესაბამის უწყებებთან შეათანხმა და ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოების ლოგისტიკური მხარეც უზრუნველყო. სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„უკონტროლოდ დაყრილი საბურავები გარემოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნარჩენია - როგორც ხანძარსაშიშროების, ისე დაშლის ხანგრძლივი პერიოდის გამო. მათი აალების შემთხვევაში შესაძლოა დაზიანდეს დიდი ტერიტორია, ხოლო არასწორად შენახვისა და გახურებისას საბურავმა სხვადასხვა მავნე აირი გამოყოს. ამასთანავე, როდესაც ნარჩენის მართვა კონტროლირებადად არ ხდება, რთულია იმის განსაზღვრა, საბოლოოდ როგორ იქნება ის გამოყენებული და ხომ არ მოხდება მისი, მაგალითად, დაწვა.

ჩვენთვის, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ნარჩენები გარემოს ავარიდოთ და შესაბამისი წესების დაცვით ვმართოთ. ტაბახმელადან გატანილი საბურავები ჩვენს პარტნიორ კომპანია „რექსოლთან“ გადავიდა - „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებულ საბურავების გადამამუშავებელ საწარმოში, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს.

მომდევნო ეტაპზე, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ეს ნარჩენი უკვე საქართველოში გადამუშავდება. შედეგად მივიღებთ რეზინის ფხვნილს, რომელიც მინარევის სახით მოდიფიცირებულ ასფალტში გამოიყენება. ევროპულ ქვეყნებში რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი საგზაო მშენებლობაში აქტიურად გამოიყენება“, - განაცხადა თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა შალვა ახვლედიანმა.

თეგეტა გრინ პლანეტი მსგავს გარემოსდაცვით აქციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგულარულად ატარებს. მასშტაბური სამუშაოები უკვე განხორციელდა თბილისის შემოვლით გზაზე, ბაკურიანსა და გიორგიწმინდაში. ჯამში, კომპანიამ ამ საქმიანობის შედეგად, გარემოს 120 ტონამდე მეორადი საბურავი აარიდა.

თეგეტა გრინ პლანეტი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციაა და ავტორიზებულია სამი მიმართულებით - აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ნარჩენების მართვაზე. კომპანია საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაზე მუშაობს.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ევროპულ პრაქტიკაში დამკვიდრებული მიდგომაა, რომელიც მწარმოებელს პროდუქტის გამოყენების შემდეგ წარმოქმნილი ნარჩენის მართვაზე პასუხისმგებლობას აკისრებს. საქართველოში აღნიშნული სისტემა ევროინტეგრაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად დაინერგა.

თეგეტა გრინ პლანეტი გარემოსდაცვითი აქციების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს, რათა საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე დაგროვილი საავტომობილო ნარჩენების გარემოზე ზემოქმედება შემცირდეს და მათი მართვა ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად მოხდეს.