03.11.2026
გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა ფოთისა და ხეთას საჯარო სკოლებში
image
image
image
image

გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა ფოთისა და ხეთას საჯარო სკოლებში

ფოთის მე-4 საჯარო სკოლასა და ხეთას 1-ელ საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა. ინიციატივა თეგეტა გრინ პლანეტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში მდგრადი განვითარების პრინციპებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების მართვის, რესურსების გონივრულად გამოყენების, გარემოზე ზრუნვისა და ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საავტომობილო ნარჩენების სწორად მართვასა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემას.

საგანმანათლებლო შეხვედრები ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. პრეზენტაციების, დისკუსიებისა და გუნდური აქტივობების მეშვეობით მოსწავლეები გაეცნენ მგვ სისტემის დანიშნულებას, მის როლს სპეციფიკური ნარჩენების მართვის პროცესში და იმ შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენებითაც თითოეულ ადამიანს შეუძლია გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანა.

შეხვედრების მონაწილეები ჩაერთნენ ეკოლოგიურ თამაშებსა და პრაქტიკულ აქტივობებში, რომლებმაც მათ მიღებული ცოდნის უკეთ გააზრებასა და გარემოსდაცვითი საკითხების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებაში შეუწყო ხელი. დასასრულს მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

თეგეტა გრინ პლანეტი 2022 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში ერთ-ერთი პირველი ავტორიზებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ორგანიზაციაა. ორგანიზაცია ხელს უწყობს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვებითა და შემდგომი მართვით, რითაც გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებასა და კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას უწყობს ხელს.

თეგეტა გრინ პლანეტი UNDP-თან თანამშრომლობით გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობას განაგრძობს. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარებას, რაც მდგრადი მომავლის შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.