09.07.2026
გარემოსდაცვითი შემეცნებითი შეხვედრა სკოლა-გიმნაზია „პირველში“

გარემოსდაცვითი შემეცნებითი შეხვედრა სკოლა-გიმნაზია „პირველში“

სკოლა-გიმნაზია „პირველში“ I-III კლასის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით თემებზე შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. თეგეტა გრინ პლანეტისა და შაინ ენერჯის წარმომადგენლებმა პატარებს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა მათთვის გასაგები, სახალისო და ინტერაქციული ფორმატით გააცნეს.

შეხვედრის განმავლობაში ბავშვებმა გაიგეს, რატომ არ უნდა დავყაროთ ნარჩენები გარემოში და რატომ არის საშიში ნარჩები საბურავი, ზეთი და აკუმულატორი, როგორ დავიცვათ ბუნება, რატომ არის მნიშვნელოვანი რესურსების დაზოგვა და რა მარტივი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია თითოეულს ყოველდღიურ ცხოვრებაში გარემოს შესანარჩუნებლად. პატარებმა ასევე შეიტყვეს, როგორ შეიძლება მცირე, მაგრამ სწორი ქმედებებით იზრუნონ სუფთა და ჯანსაღ გარემოზე.

საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა სახალისო თამაშს, რომელშიც ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, რის მეშვეობითაც მათ გარემოსდაცვითი საკითხები თამაშითა და პრაქტიკული მაგალითებით შეისწავლეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.

ბავშვებში გარემოზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბება თეგეტა გრინ პლანეტისა და შაინ ენერჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ ორგანიზაციები სხვადასხვა სკოლაში ატარებენ საგანმანათლებლო შეხვედრებს, რომლებიც პატარებს გარემოს დაცვის მნიშვნელობას ასაკისთვის შესაბამისი, საინტერესო და ინტერაქციული მეთოდებით აცნობს.

მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ბავშვებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ადრეული ასაკიდან ჩამოყალიბებას და მათში ბუნებაზე ზრუნვის ყოველდღიურ ჩვევად ქცევას.

თეგეტა გრინ პლანეტი 2022 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში ერთ-ერთი პირველი ავტორიზებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ორგანიზაციაა. თეგეტა გრინ პლანეტის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, ბიზნესი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები ეკისრება, მიუხედავად მისი ზომისა.