09.06.2025
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით თეგეტა გრინ პლანეტსა და სტუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
image
image

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით თეგეტა გრინ პლანეტსა და სტუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თეგეტა გრინ პლანეტმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანიც გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. შეთანხმების ფარგლებში, სტუდენტები ინფორმაციას სამ საგანში მიიღებენ: ატმოსფეროს დაცვის ტექნიკა, ჰიდროსფეროსა და ნიადაგის დაცვის ტექნიკა და საწარმოო პრაქტიკა გარემოსდაცვით ინჟინერიაში. კურსის თეორიული ნაწილის შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაეცნონ თეგეტა გრინ პლანეტის საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს საავტომობილო ნარჩენების ეფექტურ მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას. პრაქტიკულ სწავლებას 40 სტუდენტი გაივლის, როგორც ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ისე სამაგისტრო პროგრამების.

შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტას დირექტორი: “მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაუტარდებათ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ლექციები, ისინი ტექნიკურად იმუშავებენ გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. თეგეტა გრინ პლანეტი, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, საავტომობილო სპეციფიკურ ნარჩენებს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მართავს. ჩვენი სპეციფიკური და საკმაოდ ტექნიკური საქმიანობა ქმნის კარგ შესაძლებლობას, რომ სწორედ ტექნიკური სპეციალობებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მიიღონ სიღრმისეული ცოდნა ამ საკითხებზე და სამომავლოდ მათი პროფესიული არჩევანი გარემოსდაცვით სფეროებს დაუკავშირონ.
ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა პროგრესული და ნაყოფიერი იქნება როგორც ჩვენი ორგანიზაციისა და უნივერსიტეტისთვის, ისე ქვეყნისთვის“.

თამარ ლომინაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი: “ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების პრობლემა მწვავედ დგას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ გამოწვევის გადაჭრაზე კი მეცნიერები აქტიურად მუშაობენ. თეგეტა გრინ პლანეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები — სპეციფიკური ნარჩენების მართვა, რეგულირება, გადამუშავება და აღდგენა — ის საკითხებია, რომლებშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ახალგაზრდა ასაკიდან ექნებათ შესაძლებლობა და მზაობა, მონაწილეობა მიიღონ გარემოზე ზრუნვის უმნიშვნელოვანეს პროცესში. თანამშრომლობის მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა სტუდენტებმა სტაჟირება გაიარონ თეგეტა გრინ პლანეტში, უშუალოდ ჰქონდეთ შეხება ნარჩენების მართვის პრობლემასთან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიაში გაეცნონ ამ პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ინოვაციურ და თანამედროვე გზებს“.

ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობას 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.