03.11.2026
თეგეტა გრინ პლანეტისა და UNDP-ის გარემოსდაცვითი კამპანია ფოთში გაგრძელდა
image
image
image

თეგეტა გრინ პლანეტისა და UNDP-ის გარემოსდაცვითი კამპანია ფოთში გაგრძელდა

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებისა და სპეციფიკური ნარჩენების სწორი მართვის ხელშეწყობის მიზნით, თეგეტა გრინ პლანეტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობით, ფოთში საინფორმაციო და პრაქტიკული აქცია „არ გადაყარო, ჩააბარე“ გაიმართა.

29 ოქტომბერს, თეგეტა მოტორსის ფილიალში გამართული აქციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის, ავტომფლობელების, მძღოლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ინფორმირება და ნარჩენების მართვის პროცესში მათი ჩართულობის გაზრდა იყო. ღონისძიების ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია საავტომობილო ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების, მათი სწორად მართვისა და ჩაბარების გზების შესახებ.

აქციის ფარგლებში თეგეტა მოტორსის ფილიალში სპეციალური ჩაბარების სივრცე მოეწყო, სადაც მოქალაქეებს შეეძლოთ, ჩაებარებინათ ექსპლუატაციიდან ამოღებული მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ნარჩენი ზეთები. ამგვარად, ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა, ყოველდღიურ გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაში პრაქტიკული წვლილი შეეტანა.

ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) შესახებ ინფორმაციის გაზიარებას დაეთმო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მგვ ორგანიზაციის როლის, სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებისა და შემდგომი მართვის პროცესისა და იმპორტიორების მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობის შესახებ.

მოქალაქეების ჩართულობის წასახალისებლად აქციის მონაწილეებისთვის სიმბოლური საჩუქრებიც იყო გათვალისწინებული. ინიციატივამ ხელი შეუწყო ფოთში გარემოსდაცვით საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდას და ნარჩენების პასუხისმგებლიანი მართვის პრაქტიკული შესაძლებლობების პოპულარიზაციას.

თეგეტა გრინ პლანეტი UNDP-თან თანამშრომლობით რეგიონული გარემოსდაცვითი კამპანიებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ორგანიზაციების საერთო მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების მართვის კულტურის განვითარება და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა.