თეგეტას გარემოს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაეცა
თეგეტას გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის კორპორაციული მდგრადობის ჯილდო მესამედ გადაეცა. კომპანია საერთაშორისო ჟიურის რჩეული გახდა ნომინაციაში – მდგრადი მოხმარება და წარმოება.
„უკვე წლებია, ჰოლდინგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი CSR სტრატეგიით ხელმძღვანელობს, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ გარემოზე ზრუნვაა. აღიარება, რომელიც კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ, გვაძლევს მოტივაციას, გავაგრძელოთ სწორი მიმართულებით განვითარება და ამ გზაზე მეტად ამბიციური მიზნები დავისახოთ." - ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი.
თეგეტა ჰოლდინგმა მასთან დაკავშირებულ კომპანიასთან, თეგეტა გრინ პლანეტთან, ერთად 2024 წელს უსაფრთხოდ დაამუშავა 6 640 ტონა საავტომობილო ნარჩენი, განახორციელა 10 გარემოსდაცვითი პროექტი, მწვანე ინიციატივების გარშემო კი ასობით მომხმარებელი და თანამშრომელი გააერთიანა. აღნიშნული მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ნარჩენების მართვა თეგეტას ბიზნესპროცესების განუყოფელი ნაწილია და ამასთანავე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.