04.07.2024
გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის ფინალი გაიმართა
image
image
image
image

გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის ფინალი გაიმართა

23 ივნისს, გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირი გაიმართა და მასში მონაწილეობა მთელი საქართველოდან დებატკლუბების საუკეთესო მოსწავლეებმა მიიღეს. 

ეროვნული ტურნირი ,,თეგეტა გრინ პლანეტისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით ხორციელდება. დებატების ეროვნული ტურნირისთვის მზადება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მთელი საქართველოს მასშტაბით, 30-მდე სკოლის 400-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული.

რეგიონებში არსებული დებატების კლუბებიდან შერჩეულმა მოსწავლეებმა რეგიონულ ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც სამეგრელოსა და კახეთში ჩატარდა. მათგან შერჩეულმა საუკეთესო მოდებატეებმა კი ეროვნულ ტურნირში იასპარეზეს. ტურნირის დაწყებამდე, საქართველოდან შერჩეულ საუკეთესო მოდებატეებს, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა შალვა ახვლედიანმა მიმართა. დებატების ტექნიკების გამოყენებით ახალგაზრდებმა მთელი დღის მანძილზე იმსჯელეს გარემოს დაცვის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე და ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება. 

ეროვნული ტურნირის საუკეთესო მომხსენებლებს 12 ივლისს საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლენენ. მასშტაბური ტურნირი პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანი სკოლებში დებატკლუბების შექმნა და ახალგაზრდებში დასაბუთებული მსჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებაა.

***

დებატების ეროვნული ტურნირი პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით არაერთი წელია იმართება. პროექტი მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.