01.09.2026

რას ნიშნავს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის რევოლუცია?

რას ნიშნავს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის რევოლუცია?
მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის (EPR) რეგულაციების ამოქმედებამ საქართველოს ეკოლოგიურ და ინდუსტრიულ რუკაზე სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო.

ამ ხედვისა და ინდუსტრიული გარდაქმნის ირგვლივ, თეგეტა გრინ პლანეტისა და ვეისთლესის ორგანიზებით, თბილისში გაიმართა საერთაშორისო სამიტი GRAS 2026 (Georgia Rubberized Asphalt Summit). ღონისძიებაზე პარტნიორმა ორგანიზაციებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა გზების მშენებლობაში რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიის დანერგვის პერსპექტივა განიხილეს.

ორივე ორგანიზაციის სტრატეგიული მიზანია, მჭიდროდ ითანამშრომლონ როგორც კერძო საგზაო-სამშენებლო კომპანიებთან, ისე სახელმწიფო უწყებებთან, რათა რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის დაგება საქართველოს გზების ეროვნულ სტანდარტად იქცეს. ეს კოლაბორაცია ამტკიცებს, რომ EPR სისტემა არ არის მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება, ეს არის ქვეყნის ინფრასტრუქტურული გარდაქმნის ძლიერი მამოძრავებელი ძალა, სადაც ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და ეკონომიკური სარგებელი ერთმანეთს სრულყოფილად ავსებს.

რა არის რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი?

ყოველწლიურად საქართველოს გზებზე ათასობით ტონა მეორადი საბურავი გროვდება. ნაცვლად იმისა, რომ ეს მასალა ხელახლა გამოვიყენოთ, ის ხშირად ბუნებაში იყრება ან უპასუხისმგებლოდ იწვება, რაც დაუშვებელია.

ტექნოლოგიის არსი მარტივია, ვადაგასული საბურავი სპეციალურ საწარმოში გადამუშავების შემდეგ იქცევა წვრილ რეზინის გრანულებად (ინოვაციურ ეკო-მასალად). ეს მასალა ემატება სტანდარტულ ბიტუმის ნარევს, რის შედეგადაც მიიღება რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი.

დასავლეთის წამყვან ქვეყნებში ეს მეთოდი დიდი ხანია აპრობირებული პრაქტიკაა. ახლა კი საქართველოს აქვს შანსი, ეს ინოვაცია საკუთარი გზების მშენებლობაში დანერგოს.

რატომ არის ეს ტექნოლოგია მომავლის არჩევანი?

  • რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი 2-ჯერ უფრო დიდხანს ინარჩუნებს თავდაპირველ მდგომარეობას. ელასტიური სტრუქტურის წყალობით, საფარი უძლებს როგორც ზაფხულის მაღალ ტემპერატურას, ასევე ზამთრის ყინვებს.
  • რეზინის შრე შთანთქავს ავტომობილის საბურავებისა და გზის ხახუნისგან წარმოქმნილ ხმას. ურბანულ ზონებსა და ავტობანებზე ეს ტექნოლოგია ხმაურის დონეს რამდენიმე დეციბალით ამცირებს.
  • წვიმის დროს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი თავიდან გვაცილებს წყლის დაგროვებასა და ცურვადობას (აკვაპლანირებას), რაც გზაზე მოცურების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
  • ტექნოლოგია უზრუნველყოფს ნარჩენების ეფექტურ რეციკლირებას, ყოველი 1 კილომეტრიანი გზის დაგება ათასობით მეორადი საბურავის უსაფრთხო უტილიზაციას ნიშნავს, რაც საგრძნობლად ამცირებს გარემოზე ეკოლოგიურ ზეწოლას.

რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის დანერგვა არ არის მხოლოდ ცალკეული კომპანიების ინიციატივა, ეს არის ნარჩენების მართვის მთელი სექტორის სტრატეგიული მიმართულება. საქართველოში მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნეს-ეკოსისტემის შექმნა, სადაც ნარჩენი არ გადაიყრება, არამედ იქცევა ღირებულ შიდა რესურსად, რაც ქვეყანას ეკონომიკურად მომგებიან, ევროპული სტანდარტების მქონე და ეკოლოგიურად სუფთა მომავალს უზრუნველყოფს.