„თეგეტა“ გარემოზე ზრუნვას აგრძელებს -
„თეგეტა მოტორსისა“ და
„თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთობლივი ინიციატივით ამჯერად მეორადი საბურავებისგან გიორგიწმინდის დასახლება გაიწმინდა. ფართომასშტაბიანი გარემოსდაცვითი აქტივობის ფარგლებში, დასახლებასთან არსებული ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიიდან 2 000-მდე მეორადი საბურავი გაიტანეს.
გიორგიწმინდაში წლების განმავლობაში მოწყობილ არალეგალურ ნაგავსაყრელზე გადაყრილი საბურავები სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა როგორც ნიადაგსა და წყალს, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას. შედეგად, დაბინძურებული და სამუშაოდ რთული რელიეფური პირობების მქონე ტერიტორია, უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანიის რესურსებით სრულად გაიწმინდა - ამოღებული საბურავები ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება.
აქტივობის მიზანი არა მხოლოდ კონკრეტული ტერიტორიის გაწმენდა, არამედ საზოგადოებისთვის იმის შეხსენება იყო, რომ საბურავებისა და სხვა საავტომობილო ნარჩენების უკონტროლო გადაყრას შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თეგეტა გრინ პლანეტი“ - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაცია, რომელიც კანონის შესაბამისად საავტომობილო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს.
შალვა ახვლედიანი,„თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთობლივი ინიციატივით მორიგი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ და საბურავების ნარჩენებისგან კიდევ ერთი დაბინძურებული ტერიტორია გავწმინდეთ. ასეთი აქტივობები მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას, მით უმეტეს, რომ შეგროვებული ნარჩენები ტექნიკური რეგლამენტის სრული დაცვით გადამუშავდება.
მსგავსი პროექტები აქამდეც არაერთხელ გვქონია. მხოლოდ გასულ წელს „თეგეტა გრინ პლანეტმა“ 6 000 ტონაზე მეტი საავტომობილო ნარჩენი - საბურავები, აკუმულატორები და გამოყენებული ზეთი შეაგროვა და გადაამუშავა. ვამაყობთ, რომ ეს ციფრები ყოველწლიურად იზრდება და ამ გზით ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასა და გარემოზე ზრუნვაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს.
ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვდით, თუ საავტომობილო ნარჩენებით დაბინძურებულ ადგილებს შეხვდებიან, შეუძლიათ, შეგვატყობინონ - „თეგეტა გრინ პლანეტის“ ვებგვერდზე ანTegeta App-ში შეავსონ განაცხადები, ჩვენ კი შესაბამისი რეაგირება გვექნება“.
თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ ეს საბურავების ნარჩენებისგან ტერიტორიის დასუფთავების პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წლებში მათი ინიციატივით მსგავსი აქტივობა თბილისსა და ბაკურიანშიც განხორციელდა. გარდა ამისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა გრინ პლანეტის“ 45-მდე შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მოსახლეობას საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების შესაძლებლობაც აქვს. კომპანიის გზავნილია: „არ გადაყარო, ჩააბარე“, რომლის ფარგლებშიც, ჩაბარებული ნარჩენები ახალ ნედლეულად გარდაიქმნება.