თეგეტა ჰოლდინგის კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი თეგეტა ჰოლდინგის ინიციატივა თეგეტა გრინ პლანეტი მიზნად ისახავს საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მდგრადი ქცევის წახალისებას. ორგანიზაციის გუნდი აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან: სტუმრობს სკოლებს და მოსწავლეებისთვის მართავს შემეცნებით პრეზენტაციებს, ინტერაქციულ აქტივობებსა და სახალისო თამაშებს, რომლებიც გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას პრაქტიკული მაგალითებით ხდის გასაგებს.
დედამიწის დღის აღსანიშნავად, თეგეტა გრინ პლანეტი ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლას ეწვია, სადაც V–VI კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე - „სპეციფიკური ნარჩენების მართვა“. შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით გაიმართა და მრავალფეროვან აქტივობას მოიცავდა, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, უკეთ გაეაზრებინათ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და ნარჩენების სწორად მართვის მნიშვნელობა.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, უპასუხეს კითხვებს და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ დავალებებში, რაც მათ დაეხმარა, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი ცოდნა მიეღოთ - როგორ უნდა მოვეპყროთ გარემოს პასუხისმგებლობით და როგორ ვაქციოთ ნარჩენები რესურსად. აქტივობის დასრულების შემდეგ, ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობისთვის ბავშვებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მათი მოტივაცია და დადებითი ემოციები.
ინიციატივის მთავარი მიზანია ახალგაზრდა თაობაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც მათ მომავალში უფრო პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოაყალიბებს. აღნიშნული აქტივობა წარმოადგენს ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო კამპანიის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც „თეგეტა გრინ პლანეტი“ ეტაპობრივად ეწვევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სკოლებს.
„თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში. ორგანიზაცია უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების მათ შორის, გამოყენებული საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების - სრულ ციკლს: შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას, ხოლო შემდგომ მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.