დაბა ბაკურიანის ტერიტორია, რომელიც გარემოსთვის საზიანო ნარჩენებით იყო დაბინძურებული, გაწმენდილია. „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით, ადგილიდან 30 000-მდე მეორადი საბურავის გატანის პროცესი მიმდინარეობს.
შეგროვებული მეორადი საბურავები გადასამუშავებლად იგზავნება. მათ ტრანსპორტირებასა და კანონის შესაბამისად გადამუშავებას „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს. გარემოსდაცვითი აქტივობა სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
„თეგეტა მოტორსისთვის“, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გარემოსდაცვითი აქტივობების ინიციირებითა და მხარდაჭერით კომპანია მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების პრევენციასა და შემცირებას. ჯანსაღი ეკოსისტემის შესაქმნელად აუცილებელია, საავტომობილო ნარჩენები გარემოში არ მოხვდეს, არ დააბინძუროს ის და არ დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა. „თეგეტა მოტორსი“, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, უკვე წლებია, ჩართულია საავტომობილო ნარჩენების ეფექტიანი მართვის პროცესში - უზრუნველყოფს მათ შეგროვებასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას“.
ბაკურიანში გარემოსდაცვით აქტივობებში „თეგეტა მოტორსი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ პირველად არ ჩართულან. უკვე წლებია, კომპანია და მისი თანამშრომლები დასუფთავების მასშტაბური აქციების მხარდამჭერები და მონაწილეები არიან. „თეგეტა გრინ პლანეტი“ 2022 წელს სწორედ გარემოზე ზრუნვის მიზნით შეიქმნა. კომპანია ისეთ სპეციფიკურ ნარჩენებს მართავს, როგორებიცაა მეორადი აკუმულატორები, საბურავები და ზეთები.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი:
„თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ ნარჩენების ეფექტიანი მართვა საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. „თეგეტა მოტორსთან“ ერთად, წლების განმავლობაში ტონობით მეორადი საბურავი, აკუმულატორი და ზეთი შევაგროვეთ და გადავამუშავეთ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვაგროვებთ ნარჩენებს, რომლებიც პირველადი გამოყენების შემდეგ მთლიანად სპეციფიკურ, სახიფათო ნარჩენებად გადაიქცევა. თუ ამ ნარჩენების მართვა კანონის შესაბამისად არ მოხდა, დედამიწა ბინძურდება. ამიტომ მუდმივად ვცდილობთ, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მოხარულები ვართ, რომ ამ მასშტაბური ინიციატივის ფარგლებში, „ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობით და ერთობლივი ძალისხმევით დიდი რაოდენობით მეორადი საბურავების შეგროვება და ბაკურიანის ტერიტორიიდან გატანა შევძელით“.
ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ინიციატივის მიზანი ბაკურიანისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო და მიმზიდველი გარემოს შექმნაა.
ეკატერინე ორჯონიკიძე, სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე:
„ჩვენი სააგენტო ფუნქციონირების პირველივე დღიდან ზრუნავს ბაკურიანის ეკოლოგიურ გარემოზე. წლების განმავლობაში არაერთი მცდელობა გვქონდა, რომ დაბა ბაკურიანი გაგვეთავისუფლებინა მეორადი საბურავებისგან, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად აბინძურებდა ტერიტორიას, არამედ სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხესაც ქმნიდა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი დასუფთავების სამსახურის აქტიური მუშაობით ორ ლოკაციაზე წარმატებით შევაგროვეთ საბურავები. აღნიშნული დასუფთავების აქცია, ბაკურიანის გათავისუფლება მეორადი საბურავებისგან, შესაძლებელი გახდა ჩვენი სააგენტოს ინიციატივითა და ისეთი სანდო პარტნიორების მხარდაჭერით, როგორებიც არიან „თეგეტა მოტორსი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“. ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ ბაკურიანის გარემოსდაცვითი სისუფთავე და მდგრადი განვითარება“.