24.06.2026
დედამიწის დღე ედისონის სახელობის სკოლა „ნოვაციაში’’
image
image

დედამიწის დღე ედისონის სახელობის სკოლა „ნოვაციაში’’

თეგეტა გრინ პლანეტის და შაინ ენერჯის წარმომადგენლები ედისონის სახელობის სკოლა „ნოვაციას“ ესტუმრნენ, სადაც გარემოსდაცვითი განათლებისა და მდგრადი განვითარების თემებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას 60-მდე მოსწავლე დაესწრო, რომლებმაც შესაძლებლობა მიიღეს, გაცნობოდნენ მწვანე ეკონომიკის, განახლებადი ენერგიისა და ცირკულარული ეკონომიკის ძირითად პრინციპებს.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და იმ პასუხისმგებლობის გაზიარება, რომელიც თითოეულ ადამიანს ეკისრება ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენება გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად და როგორ უწყობს ხელს ბიზნესი მდგრადი მომავლის შექმნას.

ღონისძიების ფარგლებში თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემის, სპეციფიკური ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობაზე, ხოლო შაინ ენერჯის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს განახლებადი ენერგიის როლი ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში და ის შესაძლებლობები, რომელსაც მზის ენერგია და სხვა სუფთა ენერგეტიკული წყაროები ქმნის გარემოსა და საზოგადოებისათვის.

შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა იმითაც, რომ მასში აქტიურად ჩაერთნენ თავად მოსწავლეები. სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა სპეციალურად ღონისძიებისთვის მოამზადეს პრეზენტაციები და თანატოლებს გაუზიარეს ინფორმაცია დედამიწის დღის შესახებ. მათ ისაუბრეს, თუ როდის და რატომ დაარსდა ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინიციატივა, როგორ იქცა იგი გარემოს დაცვის გლობალურ მოძრაობად და რატომ არის აუცილებელი, თითოეულმა ადამიანმა იზრუნოს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და ეკოლოგიური პრობლემების შემცირებაზე.

დისკუსიის დროს ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ მდგრადი განვითარება მხოლოდ გარემოს დაცვას არ გულისხმობს. ის მოიცავს ეკონომიკური ზრდის, სოციალური კეთილდღეობისა და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენების დაბალანსებულ მოდელს, რომლის განხორციელებაშიც საზოგადოების ყველა წევრს საკუთარი როლი აქვს. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ჩართულობის წახალისება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გრძელვადიანი პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად.

თეგეტა გრინ პლანეტი და შაინ ენერჯი მომავალშიც განაგრძობენ საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების პროექტების განხორციელებას სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი კულტურის, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა და მდგრადი განვითარების ღირებულებების დამკვიდრებას, რაც მომავალი თაობების კეთილდღეობისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.