14.05.2026
თეგეტა გრინ პლანეტისა და შაინ ენერჯის ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივა სკოლებსა და უნივერსიტეტებში

თეგეტა გრინ პლანეტისა და შაინ ენერჯის ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივა სკოლებსა და უნივერსიტეტებში

თეგეტა ჰოლდინგთან დაკავშირებულმა ორგანიზაციამ თეგეტა გრინ პლანეტმა და შაინ ენერჯიმ ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივა დაიწყეს, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ფორმირებაა.

გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამ მიმართულებით, ინიციატივის ფარგლებში, კომპანიების წარმომადგენლები თბილისის სხვადასხვა სკოლას სტუმრობენ და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და ვორქშოფებს მართავენ.

თეგეტა გრინ პლანეტი მოსწავლეებს აცნობს სპეციფიკური ნარჩენების მართვის მნიშვნელობას - როგორ უნდა მოვიქცეთ გამოყენებულ საბურავებთან, აკუმულატორებთან, ზეთებთან და სხვა ტიპის ნარჩენებთან, რატომ არის მათი სწორი მართვა აუცილებელი გარემოს დაცვისთვის და როგორ უკავშირდება ეს პროცესი ცირკულარულ ეკონომიკას.

შაინ ენერჯი კი ახალგაზრდებს ენერგიის მნიშვნელობაზე ესაუბრება - საიდან მოდის ენერგია, როგორ გამოიყენება ის ყოველდღიურ ცხოვრებაში და რატომ არის მნიშვნელოვანი განახლებადი და მდგრადი ენერგორესურსების განვითარება.

ვიზიტებს ინტერაქციული და პრაქტიკული ფორმატი აქვს. პროგრამა იწყება პრეზენტაციებით, რის შემდეგაც მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და თამაშში ერთვებიან, რაც მიღებული ცოდნის უკეთ გააზრებასა და დამახსოვრებას უწყობს ხელს. ვორქშოფის ბოლოს კი მონაწილეები სიმბოლური საჩუქრებითა და პრიზებით ჯილდოვდებიან, რაც მათ დამატებით მოტივაციას აძლევს.

საგანმანათლებლო ინიციატივა მხოლოდ სკოლებს არ მოიცავს - თეგეტა გრინ პლანეტი და შაინ ენერჯი უახლოეს პერიოდში აქტიურად იწყებენ პრეზენტაციებისა და ვორქშოფების ჩატარებას უნივერსიტეტებშიც, რათა გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერება კიდევ უფრო ფართო მასშტაბით გაიზარდოს.

ერთობლივი პროექტის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებში ჩამოყალიბდეს ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომელიც მომავალში უფრო მდგრადი და გარემოზე მზრუნველი საზოგადოების შექმნას შეუწყობს ხელს.

თეგეტა გრინ პლანეტი 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მგვ სისტემა თანამედროვე გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების მათ შორის, გამოყენებული საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების - სრულ ციკლს: შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას, ხოლო შემდგომ მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების  შესაბამისად.