07.07.2026
მდგრადი მომავლის გაკვეთილი სკოლა „გერგეტში“

მდგრადი მომავლის გაკვეთილი სკოლა „გერგეტში“

თეგეტა გრინ პლანეტისა და შაინ ენერჯის წარმომადგენლები სკოლა „გერგეტს“ ესტუმრნენ, სადაც VIII-X კლასის მოსწავლეებისთვის მდგრადი განვითარების თემაზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრის მთავარი თემა იყო „მდგრადი მომავალი: გარემო, ტრანსპორტი და ენერგია“. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ მოქმედებს ადამიანის ყოველდღიური ქცევა გარემოზე, რატომ არის მნიშვნელოვანი ნარჩენების სწორი მართვა, რესურსების დაზოგვა და განახლებადი ენერგიის გამოყენება.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების სწორად შეგროვებისა და გადამუშავების მნიშვნელობას. მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ამ ტიპის ნარჩენების არასწორი მართვა აზიანებს ნიადაგს, წყალსა და ჰაერს, ხოლო მათი გადამუშავება ხელს უწყობს რესურსების ხელახლა გამოყენებას და გარემოზე ზეწოლის შემცირებას.


პრეზენტაციებთან ერთად მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებსა და პრაქტიკულ აქტივობებში, სადაც სხვადასხვა მაგალითზე იმსჯელეს ეკოლოგიურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. საუბარი შეეხო ასევე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემას - პრინციპს, რომლის მიხედვითაც იმპორტიორი ან მწარმოებელი ვალდებულია იზრუნოს იმ პროდუქტის შეგროვებასა და გადამუშავებაზე, რომელსაც ბაზარზე განათავსებს. სწორედ ამიტომ, პროდუქტის შემოტანა მხოლოდ გაყიდვას არ ნიშნავს - აუცილებელია მისი შემდგომი მართვის სისტემაც არსებობდეს. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თეგეტა გრინ პლანეტი, რომელიც კომპანიებს ნარჩენების მართვის ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება.


პრეზენტაცია ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ, გუნდურად ემუშავათ და ცოდნა პრაქტიკული დავალებების შესრულებისას გაემყარებინათ. შეხვედრის დასასრულს ყველა მონაწილეს სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.


თეგეტა გრინ პლანეტი და შაინ ენერჯი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ახალგაზრდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგულარულად ტარდება შეხვედრები, რომლებიც მოსწავლეებს მდგრადი განვითარების, პასუხისმგებლიანი მოხმარებისა და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენების მნიშვნელობას აცნობს.


სკოლა „გერგეტში“ გამართული შეხვედრაც ამ ინიციატივის ნაწილია, რომელიც ახალგაზრდებს ცოდნის მიღებასთან ერთად ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო პასუხისმგებლიანი არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგებს.