23.06.2026
თეგეტა გრინ პლანეტისა და შაინ ენერჯის წარმომადგენლები „სკოლა-ლიცეუმ ლამპარს“ ესტუმრნენ

თეგეტა გრინ პლანეტისა და შაინ ენერჯის წარმომადგენლები „სკოლა-ლიცეუმ ლამპარს“ ესტუმრნენ

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და მდგრადი განვითარების იდეების პოპულარიზაციის მიზნით, თეგეტა გრინ პლანეტისა და შაინ ენერჯის წარმომადგენლები 8 მაისს „სკოლა-ლიცეუმ ლამპარს“ ესტუმრნენ, სადაც VII-IX კლასელებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა თემაზე - „მდგრადი მომავალი: გარემო, ტრანსპორტი და ენერგია“.

მოსწავლეებმა ინტერაქციული პრეზენტაციების, დისკუსიებისა და პრაქტიკული აქტივობების საშუალებით მათ მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების მართვის, რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და განახლებადი ენერგიის მნიშვნელობის შესახებ.

მოსწავლეები ასევე გაეცნენ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ძირითად პრინციპებს და მის მნიშვნელობას გარემოს დაცვის პროცესში. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თითოეული მოქალაქის როლს ნარჩენების სწორ მართვასა და მდგრადი მომავლის შექმნაში.

აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სახალისო საგანმანათლებლო თამაშები და გუნდური დავალებები იყო, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

თეგეტა გრინ პლანეტი 2022 წლიდან ფუნქციონირებს და ერთ-ერთი პირველი ავტორიზებული ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ავტორიზაცია მიიღო. ორგანიზაცია უზრუნველყოფს გამოყენებული საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას, ხოლო მათი შემდგომი მართვა ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად ხორციელდება.

ახალგაზრდების გარემოსდაცვითი განათლება და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება თეგეტა გრინ პლანეტისა და შაინ ენერჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით ხორციელდება საგანმანათლებლო შეხვედრების სერია, რომელიც მოსწავლეებს გარემოს დაცვის, რესურსების დაზოგვისა და მდგრადი განვითარების საკითხებს პრაქტიკული მაგალითებისა და ინტერაქციული ფორმატების საშუალებით აცნობს.

მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი თაობის ჩამოყალიბებას და გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერებას, რაც მდგრადი მომავლის შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.