საქართველოს უნივერსიტეტში საბაკალავრო ნაშრომების დაცვის ფარგლებში ერთ-ერთმა სტუდენტურმა ჯგუფმა საკვლევ თემად შეარჩია „მწვანე ენერგიისა და რესურსების გადამუშავების ინიციატივების პოტენციალი ავტოინდუსტრიაში“. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ნაშრომის დაცვას დაესწრნენ თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლები და კომპანიის დირექტორი შალვა ახვლედიანი.
ნაშრომი შეეხებოდა თანამედროვე ავტოინდუსტრიაში მდგრადი განვითარების მნიშვნელობას, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვასა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზებს. სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თეგეტა მოტორსის როლზე საქართველოს ავტოინდუსტრიის განვითარებაში, კომპანიის მიერ შექმნილ თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და იმ ინიციატივებზე, რომლებიც რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და სპეციფიკური ნარჩენების პასუხისმგებლიან მართვას უწყობს ხელს.
პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იყო, თუ როგორ უწყობს ხელს კერძო სექტორი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემის განვითარებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პოპულარიზაციას. სტუდენტებმა ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც საქართველოში მწვანე ტრანსფორმაციის პროცესს ახლავს.
ნაშრომის შეფასების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევა დადებითად შეაფასეს და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ბიზნესსა და აკადემიურ სივრცეს შორის თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიმართულებით ახალი იდეებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა, აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ახალგაზრდების მზარდი ინტერესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
„მოხარული ვართ, რომ ახალგაზრდები ინტერესდებიან ისეთ თემებით, როგორიცაა ცირკულარული ეკონომიკა, რესურსების გადამუშავება და ავტოინდუსტრიაში მდგრადი განვითარების შესაძლებლობები. სწორედ განათლება და ცოდნის გაზიარებაა ის საფუძველი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკისა და გარემოსდაცვითი კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.“
თეგეტა გრინ პლანეტი აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს. კომპანია რეგულარულად ატარებს შეხვედრებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სადაც სტუდენტებსა და მოსწავლეებს აცნობს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემას, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებსა და სპეციფიკური ნარჩენების - საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების - სწორი მართვის მნიშვნელობას.
საქართველოს უნივერსიტეტში გამართული საბაკალავრო ნაშრომის დაცვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მდგრადი განვითარება და მწვანე ტრანსფორმაცია დღეს უკვე არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ აკადემიური საზოგადოების ინტერესის საგანიც არის. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების დაახლოებას, რაც საბოლოოდ გარემოსდაცვითი მიმართულებით უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებასა და პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას ემსახურება.