"თეგეტა გრინ პლანეტ“ Circular Economy Hackathon-ის მხარდამჭერი და მონაწილე გახდა
სენაკის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით გაიმართა ორდღიანი ინოვაციური ღონისძიება, Circular Economy Hackathon (ცირკულარული ეკონომიკის ჰაკათონი), რომელიც ცირკულარული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის სექტორს ტექნოლოგიურ ინოვაციებთან აკავშირებს. ღონისძიების მთავარი მიზანი სექტორის რეალური, მწვავე პრობლემების იდენტიფიცირება და მათთვის ტექნოლოგიური გადაწყვეტების, პროტოტიპებისა და ბიზნესმოდელების შექმნა იყო.
აღნიშნული გამოწვევების გადაჭრისთვის ტექნოლოგიური გზების მოძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „თეგეტა გრინ პლანეტისთვის“, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციისთვის - ნარჩენების ეფექტიანი მართვა, რესურსების ხელახალი გამოყენება და ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკაში დანერგვა სწორედ თანამედროვე, ჭკვიან ტექნოლოგიურ მიდგომებსა და მოქნილ სისტემებს მოითხოვს.
ღონისძიების ფარგლებში ჩვენი გუნდის წევრები მონაწილეობდნენ პანელურ დისკუსიაში, მენტორობას უწევდნენ მონაწილეებს პროექტებზე მუშაობის ეტაპზე და ბოლოს გამოავლინეს რჩეული გუნდიც.