30.09.2026
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი შალვა ახვლედიანი ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი ბიზნესმოდელების კურსის სპიკერი იყო
image
image
image
image

თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი შალვა ახვლედიანი ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი ბიზნესმოდელების კურსის სპიკერი იყო

17 სექტემბერს თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ კურსში - „ცირკულარული ეკონომიკა და მდგრადი ბიზნეს მოდელები“ მიიღო მონაწილეობა და მონაწილეებს ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი ბიზნესმოდელების შესახებ თეგეტა გრინ პლანეტის გამოცდილება გაუზიარა.

თეგეტა გრინ პლანეტი თეგეტა ჰოლდინგის გარემოსდაცვითი მიმართულების კომპანია და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში სპეციფიკური ნარჩენების, მათ შორის, გამოყენებული საბურავების, ნარჩენი ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვებისა და გადამუშავების მიმართულებით მუშაობს. ორგანიზაციის საქმიანობა ეფუძნება ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს და მიზნად ისახავს ნარჩენების სწორ მართვას, მათი რესურსად გარდაქმნას და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.

16–17 სექტემბერს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა 10-საათიანი სასწავლო კურსი ჩაატარა. კურსის მიზანი ბიზნესისთვის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებისა და მდგრადი ბიზნესმოდელების შესახებ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება იყო.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი პრინციპები, მათი ბიზნესსაქმიანობაში ინტეგრირების შესაძლებლობები, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომები, ცირკულარული ბიზნესმოდელები და პროდუქციისა და მასალების სასიცოცხლო ციკლის შეფასება (LCA).

კურსის ძირითად თემებზე სესიებს გაუძღვა გიორგი ბერეჩიკიძე, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გარემოს დაცვის მენეჯერი, რომელმაც მონაწილეებს ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების მართვისა და LCA-ის მიმართულებით არსებული პრაქტიკული მიდგომები გააცნო.

საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად კურსში ონლაინ ფორმატით ჩაერთნენ ანდერს ლადეფოგედი - ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) წევრი და ცირკულარული ეკონომიკის დაინტერესებულ მხარეთა ევროპული პლატფორმის (ECESP) წარმომადგენელი, რომელმაც ცირკულარული ეკონომიკის ევროპულ სტანდარტებზე ისაუბრა, და დოქტორი სილკე მეგელსკი - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მრჩეველი ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში, რომელმაც მონაწილეებს Circular City Lab-ის მიდგომა და საქართველოში დეპოზიტური სისტემების პილოტირების გამოცდილება გააცნო.

თეგეტა გრინ პლანეტის საქმიანობა ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პრაქტიკაში დანერგვასა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის განვითარებას უკავშირდება. ორგანიზაცია მუშაობს ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და შემდგომი დამუშავების პროცესების ორგანიზებაზე, რაც ხელს უწყობს გამოყენებული მასალების რესურსად დაბრუნებას და მათ ხელახალ გამოყენებას.

ორდღიანი კურსი მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა. მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამები ხელს უწყობს ბიზნესისთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და რესურსეფექტიანი, მდგრადი და ცირკულარული ბიზნესმოდელების განვითარებას.