11.06.2026
,,განათლება მწვანე მომავლისთვის'' კონკურსის ფარგლებში თეგეტა გრინ პლანეტმა საკუთარი რჩეულები დაასახელა
image
image
image

,,განათლება მწვანე მომავლისთვის'' კონკურსის ფარგლებში თეგეტა გრინ პლანეტმა საკუთარი რჩეულები დაასახელა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართული გარემოსდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ დასკვნით ღონისძიებასა და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.

პროექტი მიზნად ისახავს იმ სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მხარდაჭერასა და წახალისებას, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ გარემოსდაცვით და აგრარულ საგანმანათლებლო რესურსებს და მნიშვნელოვან წვლილს შეაქვთ ბავშვებსა და ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. წლევანდელ კონკურსში 150-მდე პედაგოგი მონაწილეობდა, რომლებმაც გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით მრავალფეროვანი, კრეატიული და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული პროექტები წარმოადგინეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო „თეგეტა გრინ პლანეტმაც“, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში ერთ-ერთი პირველი ავტორიზებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციაა. მგვ სისტემა თანამედროვე გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების - გამოყენებული საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების - შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებასა და მათ შემდგომ მართვას ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.

როგორც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და განათლების მხარდამჭერმა ორგანიზაციამ, თეგეტა გრინ პლანეტმა კონკურსის ფარგლებში საკუთარი რჩეული პედაგოგებიც დაასახელა. კომპანიის რჩეულები გახდნენ ქეთევან ცხვარიაშვილი (საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის N2 საბავშვო ბაღი), დარინა მალაციძე (კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროს საჯარო სკოლა) და სოფიო გველესიანი (ქუთაისის N40 საჯარო სკოლა).

გამარჯვებული პედაგოგების წახალისების მიზნით, თეგეტა გრინ პლანეტმა ბაღისა და სკოლის მასწავლებლებს ლეპტოპები საჩუქრად გადასცა. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც გარემოსდაცვითი განათლების გაძლიერებას, მდგრადი განვითარების ღირებულებების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა თაობებში პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ემსახურება.

„განათლება მწვანე მომავლისთვის“ უკვე წლებია ხელს უწყობს გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში და აერთიანებს პედაგოგებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასა და ინოვაციურ მიდგომებს მომავალი თაობების უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის შესაქმნელად იყენებენ. მსგავსი პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განათლება გარემოსდაცვითი ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია, ხოლო პედაგოგები - ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა.