13.05.2026
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლები ბათუმის სკოლებს ესტუმრნენ
image
image
image
image
image
image

თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლები ბათუმის სკოლებს ესტუმრნენ

გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამ მიმართულებით, თეგეტა გრინ პლანეტმა საგანმანათლებლო ინიციატივა დაიწყო, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ფორმირებაა. 

თეგეტა გრინ პლანეტი 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მგვ სისტემა თანამედროვე გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების მათ შორის, გამოყენებული საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების - სრულ ციკლს: შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას, ხოლო შემდგომ მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.

ინიციატივის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები ბათუმის რამდენიმე სკოლას ესტუმრნენ, სადაც მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები, პრეზენტაციები და ინტერაქციული ვორქშოფები გამართეს. ბათუმი, როგორც შავი ზღვისპირა ქალაქი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს გარემოს დაცვის მიმართულებით. ქალაქის სწრაფი განვითარება, ტურიზმის ზრდა და ურბანული გაფართოება კიდევ უფრო ნათელს ხდის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და ნარჩენების სწორი მართვა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ცნობიერების ამაღლება ბათუმში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თეგეტა გრინ პლანეტი მოსწავლეებს აცნობს სპეციფიკური ნარჩენების მართვის მნიშვნელობას - როგორ უნდა მოვიქცეთ გამოყენებულ საბურავებთან, აკუმულატორებთან და ზეთებთან, რატომ არის მათი სწორი მართვა აუცილებელი გარემოს დაცვისთვის და როგორ უკავშირდება ეს პროცესი ცირკულარულ ეკონომიკას. მოსწავლეები ეცნობიან იმასაც, თუ როგორ შეიძლება ნარჩენი რესურსად გადაიქცეს და რა გავლენა აქვს თითოეული ადამიანის პასუხისმგებლიან ქცევას გარემოსა და მომავალზე.

ვიზიტებს ინტერაქციული და პრაქტიკული ფორმატი აქვს. პროგრამა იწყება პრეზენტაციებით, რის შემდეგაც მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და საგანმანათლებლო თამაშში ერთვებიან, რაც მიღებული ცოდნის უკეთ გააზრებასა და დამახსოვრებას უწყობს ხელს. მონაწილეები აქტიურად სვამენ კითხვებს, მსჯელობენ გარემოსდაცვით პრობლემებზე და თავადაც გვიზიარებენ საკუთარ ხედვებსა და იდეებს, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ეკომეგობრული გადაწყვეტილებების მიღება.

ვორქშოფის ბოლოს კი მონაწილეები სიმბოლური საჩუქრებითა და პრიზებით ჯილდოვდებიან, რაც მათ დამატებით მოტივაციას აძლევს და გარემოზე ზრუნვას უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქცევს.

სწორედ ამ მიმართულებით, თეგეტა გრინ პლანეტი საგანმანათლებლო ინიციატივას საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. პროექტის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდამდე მიიტანოს ინფორმაცია გარემოს დაცვის, ნარჩენების სწორად მართვისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა არა მხოლოდ ინფორმირებული, არამედ აქტიურად ჩართული იყოს იმ პროცესებში, რომლებიც უკეთესი და უფრო სუფთა გარემოს შექმნას ემსახურება.

თეგეტა გრინ პლანეტი მიიჩნევს, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ნარჩენების მართვით არ სრულდება - ეს არის განათლება, ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლიანი კულტურის ფორმირება, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მდგრად და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.