ოქტომბერში, ეკოჯილდოების სასკოლო კონკურსის ფარგლებში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმებში თეგეტა გრინ პლანეტმაც მიიღო მონაწილეობა. ფორუმები მესტიაში, თელავში, გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართა და ახალგაზრდებს გარემოსდაცვით საკითხებზე ცოდნის გაზიარების, ახალი იდეების გაცნობისა და მწვანე ინიციატივების შესახებ მსჯელობის შესაძლებლობა მისცა.
ღონისძიებების ფარგლებში თეგეტა გრინ პლანეტის და ამბოლის ექსპოზიციური სივრცეები მოეწყო, სადაც მონაწილეებს ორგანიზაციების საქმიანობის, ნარჩენების მართვისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. თეგეტა გრინ პლანეტის სტენდთან ახალგაზრდები გაეცნენ კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გაფართოებული მწარმოებლის პასუხისმგებლობის (EPR) პრინციპებსა და ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობას.
ფორუმების პროგრამა მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო თამაშებსა და ინტერაქციულ აქტივობებში, რომლებიც გარემოსდაცვითი საკითხების უკეთ გააზრებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უწყობდა ხელს. ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ უცხოელი სპეციალისტები და მოწვეული სპიკერები, რომლებმაც მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ ისაუბრეს.
ეკოჯილდოების სასკოლო კონკურსი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების იდეების პოპულარიზაციას ემსახურება. პროექტის ფარგლებში საქართველოს 24 საჯარო სკოლის 280 მოსწავლე და 100 მასწავლებელი მონაწილეობდა. კონკურსი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
თეგეტა გრინ პლანეტისთვის ახალგაზრდებთან თანამშრომლობა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ნაწილია. ნარჩენების მართვის სწორი პრაქტიკის დანერგვა, რესურსების ხელახალი გამოყენება და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პოპულარიზაცია სწორედ იმ საკითხებს შორისაა, რომელთა შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც გრძელვადიან ცვლილებებს უწყობს ხელს.
ახალგაზრდული ფორუმები კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, რომ მოსწავლეებს გარემოსდაცვითი თემები პრაქტიკული აქტივობების საშუალებით გაეცნოთ, დაენახათ ნარჩენების რესურსად გარდაქმნის პოტენციალი და საკუთარი წვლილის მნიშვნელობა გაეაზრებინათ.
თეგეტა გრინ პლანეტი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ პროექტებში მონაწილეობას, რადგან მწვანე მომავალი ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებებით იწყება.