თეგეტა გრინ პლანეტმა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზაფხულო ბანაკს დაუჭირა მხარი. ბაკურიანში გამართული პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი მიზანი ეკოცნობიერების ამაღლება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერება და მდგრადი განვითარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო.
შეხვედრას თეგეტა ჰოლდინგის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ დოლიძე უძღვებოდა. მან სტუდენტებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც თანამედროვე ეკოლოგიურ გამოწვევებს, კლიმატის ცვლილების გავლენას, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მნიშვნელობასა და თითოეული ადამიანის როლს შეეხებოდა გარემოს დაცვაში.
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ასევე გააცნეს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომები, ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი პრინციპები და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის მნიშვნელობა.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. საგანმანათლებლო ნაწილის შემდეგ გაიმართა სახალისო თამაში, რომლის შემდეგაც მონაწილეებს თეგეტა გრინ პლანეტისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
თეგეტა გრინ პლანეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდების გარემოსდაცვით განათლებასა და ცნობიერების ამაღლებას. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ასევე საზაფხულო და ზამთრის ბანაკებთან, სადაც რეგულარულად ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს, ინტერაქტიულ ლექციებს, ვორქშოფებსა და საგანმანათლებლო კონკურსებს.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა არა მხოლოდ ფლობდეს თეორიულ ცოდნას გარემოს დაცვის შესახებ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში პასუხისმგებლიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაც გააცნობიეროს. სწორედ ამიტომ, თეგეტა გრინ პლანეტი სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივის მხარდაჭერით ხელს უწყობს ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებას და იმ ღირებულებების პოპულარიზაციას, რომლებიც ბუნებრივი რესურსების დაცვასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას ემსახურება.
მსგავსი პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარემოზე ზრუნვა იწყება განათლებით, ხოლო ახალგაზრდების ჩართულობა მდგრადი მომავლის შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.