თეგეტა გრინ პლანეტმა მონაწილეობა მიიღო CENN-ის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებულ საგანმანათლებლო მწვანე ბანაკში „ცირკულარული მომავალი“, რომელიც აჭარისა და კახეთის რეგიონებიდან 23 ახალგაზრდას აერთიანებს. ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პოპულარიზაცია და მდგრადი ჩვევების დამკვიდრება.
7-დღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან ნარჩენების შემცირების, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების თანამედროვე მიდგომებს, სწავლობენ ცირკულარული ეკონომიკის ძირითად პრინციპებს და ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით იაზრებენ, როგორ შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენება და გარემოზე ზემოქმედების შემცირება.
22 ივლისს ბანაკის მონაწილეებისთვის გაიმართა თემატური შეხვედრა – „ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის“, რომელიც თეგეტა გრინ პლანეტის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციისა მონაწილეობით ჩატარდა.
დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობას, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემებსა და იმ პრაქტიკულ მექანიზმებს, რომლებიც ხელს უწყობს როგორც გარემოს დაცვას, ისე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
დღის დასკვნით სესიაზე „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა, ისაუბრა საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემის მნიშვნელობაზე და ავტოინდუსტრიული ნარჩენების ეფექტიანი მართვის პრაქტიკაზე. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს საბურავების, ნარჩენი ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება, ასევე რა როლი აქვს ბიზნესს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში.
შალვა ახვლედიანმა მონაწილეებს თეგეტა გრინ პლანეტის საქმიანობაც გააცნო. ორგანიზაცია, რომელიც 350-ზე მეტ პარტნიორ მწარმოებელსა და იმპორტიორს აერთიანებს, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში აქტიურად მუშაობს ავტოინდუსტრიული ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებაზე, ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე. ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ახალგაზრდების განათლება და იმ ცოდნის გაზიარებაა, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები სპეციალისტებისთვის, ემსჯელათ გარემოსდაცვით გამოწვევებზე და გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები, თუ როგორ შეიძლება თითოეულმა მოქალაქემ შეიტანოს წვლილი ნარჩენების შემცირებასა და რესურსების უფრო გონივრულ გამოყენებაში.