თეგეტა გრინ პლანეტი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში. ორგანიზაცია უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების - გამოყენებული საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების - შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.
ინიციატივა „თეგეტა გრინ პლანეტი“ საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი ქცევის წახალისებას ემსახურება. ორგანიზაციის გუნდი აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან - სტუმრობს სკოლებს და მოსწავლეებისთვის მართავს შემეცნებით პრეზენტაციებს, ინტერაქციულ აქტივობებსა და სახალისო თამაშებს, რომლებიც გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას პრაქტიკული მაგალითებით აცნობს.
დედამიწის დღის აღსანიშნავად, თეგეტა გრინ პლანეტი თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლას ეწვია, სადაც V–IX კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - „სპეციფიკური ნარჩენების მართვა“. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა, რაც მოსწავლეებს დაეხმარა უკეთ გაეაზრებინათ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და ნარჩენების სწორად მართვის მნიშვნელობა.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, უპასუხეს კითხვებს და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ დავალებებში. მათ მიიღეს ცოდნა, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ - როგორ უნდა მოვეპყროთ გარემოს პასუხისმგებლობით და როგორ შეიძლება ნარჩენების რესურსად გარდაქმნა.
აქტივობის დასრულების შემდეგ, ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობისთვის ბავშვებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მათი მოტივაცია და დადებითი ემოციები.
ინიციატივის მთავარი მიზანია ახალგაზრდა თაობაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც მათ მომავალში უფრო პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოაყალიბებს. აღნიშნული აქტივობა ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც „თეგეტა გრინ პლანეტი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სკოლებს ეტაპობრივად ეწვევა.
__