თეგეტა გრინ პლანეტმა მონაწილეობა მიიღო სოციალური დიზაინის დღეებში - ცირკულარული დიზაინისა და მდგრადი ინოვაციებისადმი მიძღვნილ სამდღიან კონფერენციაში, რომელსაც დიზაინის ინსტიტუტმა უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა, სხვა სპიკერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების გამოცდილებას, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო შესაძლებლობებს შეეხებოდა.
საუბრისას შალვა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლებში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით განხორციელდა. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ნარჩენების მართვის სისტემების განვითარების, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) პრინციპების დანერგვისა და გადამუშავების კულტურის გაძლიერების მიმართულებით. მისივე შეფასებით, მსგავსი ინიციატივები საფუძველს ქმნის რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენებისა და პასუხისმგებლიანი მოხმარების მოდელის ჩამოყალიბებისთვის.
დისკუსიის ფარგლებში ასევე აღინიშნა, რომ ცირკულარული მიდგომა საქართველოსთვის ახალი იდეა არ არის. რესურსების გაფრთხილება, ნივთების შეკეთება, ხელახლა გამოყენება და თაობიდან თაობისთვის გადაცემა წლების განმავლობაში ქართული ყოფისა და კულტურის ბუნებრივი ნაწილი იყო. თუმცა, თანამედროვე მოხმარების ტენდენციებმა ეს პრაქტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა, რის გამოც დღეს აუცილებელია ამ ღირებულებების თანამედროვე მიდგომებთან შერწყმა.
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა ისაუბრა იმაზეც, რომ ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მთავარი გამოწვევა მხოლოდ ტექნოლოგიების ან რეგულაციების არსებობა არ არის. მისი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების - დიზაინერების, არქიტექტორების, კრეატორებისა და მკვლევრების - აქტიურ თანამშრომლობას. სწორედ მათ შეუძლიათ შექმნან ისეთი პროდუქტები, სერვისები და გარემო, რომლებიც თავიდანვე ითვალისწინებს რესურსების ეფექტიან გამოყენებას, პროდუქტის სიცოცხლის ციკლის გახანგრძლივებასა და გადამუშავების შესაძლებლობას.
სოციალური დიზაინის დღეები მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა ცოდნის გაზიარებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გავრცელებას და იმ გადაწყვეტილებების განვითარებას, რომლებიც ქვეყნის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.
თეგეტა გრინ პლანეტი აქტიურად განაგრძობს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას, პასუხისმგებლიან რესურსების მართვასა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.