6 ოქტომბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თემაზე - „შესაფუთი ნარჩენების მართვა და ტექნიკური რეგულირების საჭიროება: ბიზნესის პერსპექტივა“.
შეხვედრის მთავარი მიზანი შესაფუთი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული გამოწვევების, არსებული პრაქტიკისა და რეგულირების საჭიროებების ბიზნესის პერსპექტივიდან განხილვა იყო. მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ეფექტიანი სისტემის შექმნას როგორც გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევისთვის, ისე ბიზნესისთვის მკაფიო და პროგნოზირებადი გარემოს ჩამოსაყალიბებლად.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა, რომელმაც აუდიტორიას თეგეტა გრინ პლანეტის ხედვა და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა. საუბარი შეეხო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემის მნიშვნელობას, ბიზნესის როლს ნარჩენების მართვის პროცესში და იმ პრაქტიკულ საკითხებს, რომლებიც საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება.
როგორც მგვ ორგანიზაცია, თეგეტა გრინ პლანეტი მუშაობს იმისთვის, რომ მწარმოებლებისა და იმპორტიორების გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, ნარჩენების მართვის პროცესში ჩამოყალიბდეს ეფექტიანი ჯაჭვი, ნარჩენის შეგროვებიდან მის სათანადო დამუშავებასა და რესურსად გარდაქმნამდე.
შალვა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა თეგეტა გრინ პლანეტის გამოცდილებაზე საბურავების, ნარჩენი ზეთების და აკუმულატორებისა მართვის მიმართულებით. მისი თქმით, მდგრადი სისტემის შექმნა მოითხოვს ბიზნესის, სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებული მხარეების კოორდინირებულ თანამშრომლობას და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებას.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ტექნიკური რეგულირების მნიშვნელობაზეც, თუ როგორ შეიძლება მკაფიო მოთხოვნებმა და ეფექტიანმა აღსრულების მექანიზმებმა ხელი შეუწყოს ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებას, პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის გაძლიერებას და რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას.
თეგეტა გრინ პლანეტისთვის ცირკულარული ეკონომიკის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია აგრძელებს ბიზნესთან, საჯარო და საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობას და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას, რათა ნარჩენების მართვა მხოლოდ ვალდებულების შესრულებად არ დარჩეს და რესურსების ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების შესაძლებლობების განვითარებას შეუწყოს ხელი.