25.10.2023
თეგეტას თანამშრომლებისთვის საინფორმაციო კამპანია „იზრუნე გარემოზე“ ჩატარდა

თეგეტას თანამშრომლებისთვის საინფორმაციო კამპანია „იზრუნე გარემოზე“ ჩატარდა

„თეგეტა ჰოლდინგმა“ და „თეგეტა გრინ პლანეტმა“ გარემოზე ზრუნვის იდეით, სოციალურ საწარმო „ზერო ეფექტთან“ ერთად, ჰოლდინგის თანამშრომლებისთვის წამახალისებელი საინფორმაციო კამპანია გამართეს.

გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება არ ცნობს საზღვრებს. სახელმწიფოების მიდგომებთან ერთად, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანის ცნობიერება და ინდივიდუალური ქცევაც. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ყოველდღიური ქმედებებით ზიანს ვაყენებთ გარემოს და კლიმატისადმი მეგობრული ცხოვრების სტილზე გადავიდეთ.

კამპანიის მიზანიც სწორედ გარემოსდაცვით საკითხებზე თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება და ეკომეგობრული ჩვევების გამომუშავება იყო, რომელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვით ინდივიდებს მცირე წვლილის შეტანა შეუძლიათ გარემოზე ზრუნვაში. ორგანიზატორებს სჯერათ, რომ ინფორმირებულობა პირველი და მთავარი ნაბიჯია გარემოზე ზრუნვის პროცესში.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინტერესო ფაქტები და საინფორმაციო პოსტები ნარჩენებით გამოწვეულ საფრთხეებსა  და მათი ეფექტურად მართვის წესებზე,  პლასტმასის ნარჩენებით დედამიწის დაბინძურების საკითხებზე, სწრაფი მოდის გამოწვევებზე, საქართველოს ტყეების მნიშვნელობაზე, ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაჯანსაღების მეთოდებსა და გადაწყვეტის გზებზე. პოსტებს თეგეტა ჰოლდინგის 2500-ამდე თანამშრომელი გაეცნო.

საინფორმაციო კამპანიის კულმინაცია იყო სპეციალურად შექმნილი ქვიზი, რომლის ამოხსნაში მონაწილეობაც ჰოლდინგის ყველა თანამშრომელს შეეძლო. წამახალისებელი ქვიზის შეკითხვებს 250-ამდე თანამშრომელმა უპასუხა, გამარჯვებულებმა კი სპეციალურად შერჩეული ეკომეგობრული საჩუქრები მიიღეს.