საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, ბათუმმა „ცირკულარულ ბიზნესსამიტ 2026“-ს უმასპინძლა. ღონისძიება ევროკავშირის დაფინანსებითა და CENN-ის ორგანიზებით გაიმართა და გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს, სიმბოლურად 100-მდე სტუმარი გააერთიანა 60-ზე მეტი ორგანიზაციიდან. სამიტს ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და ინდუსტრიის წარმომადგენლები, ფინანსური ინსტიტუტები, დარგობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
სამიტში მონაწილეობა მიიღო თეგეტა გრინ პლანეტამაც. ორგანიზაციის დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა, პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემის დანერგვის პროცესზე, არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე. მან ყურადღება გაამახვილა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მქონე ორგანიზაციების (მგვ) მნიშვნელობაზე ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებაში, გადამუშავების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ბიზნესის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებაში.
თეგეტა გრინ პლანეტი ერთ-ერთი პირველი ავტორიზებული მგვ ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს გამოყენებული საბურავების, ნარჩენი ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვებისა და მართვის სისტემის განვითარებას. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს როგორც ნარჩენების მართვის პრაქტიკული მექანიზმების დანერგვაზე, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პოპულარიზაციაზე. შალვა ახვლედიანმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა სახელმწიფოს, ბიზნესისა და საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს, ხოლო EPR სისტემის სრულფასოვანი დანერგვა ხელს შეუწყობს როგორც გარემოს დაცვას, ისე ეკონომიკის მდგრად განვითარებას.
ღონისძიების მთავარი მიზანი საქართველოში ცირკულარული ტრანზიციის ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა, ასევე დაბალნახშირბადიანი და მდგრადი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა იყო. სამიტის ფარგლებში გამართულ ბიზნესგამოფენაზე 23-მა მწვანე ბიზნესმა და საწარმომ საკუთარი ინიციატივები და ცირკულარული გადაწყვეტები წარადგინა, რაც დამსწრეებს მცირე და საშუალო ბიზნესში დანერგილი ინოვაციური პრაქტიკების გაცნობის შესაძლებლობას აძლევდა.
სამიტის პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების პრეზენტაციებს, ინტერაქტიულ სესიებსა და ოთხ პანელურ დისკუსიას, სადაც მონაწილეებმა ცირკულარული ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულება, უახლესი მიდგომები და სექტორული გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სტრატეგიებსა და მექანიზმებს, რომლებიც ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და საქართველოში ცირკულარული ბიზნესმოდელების განვითარებას უწყობს ხელს.